პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინც არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვინც არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში
ის, ვინც არ შემოდის სხდომათა დარბაზში, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს თქმით, ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის.
„ბოიკოტი არ არის მიღებული პრაქტიკა სხვა პარლამენტებში. ჩვენთან რეგლამენტით გათვალისწინებულია, თუმცა რეგლამენტშიც მითითებულია, რომ პარლამენტის წევრი თუ მთლიანად ფრაქცია პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებს ბოიკოტს. ანუ, რაღაც საკითხია და პოლიტიკური მოსაზრებებით ფიქრობს, რომ განხილვაში არ სურს მონაწილეობის მიღება.
ბოიკოტი, რომ დარბაზში ჯდომა არ მინდა, ჩემ გვერდზე მყოფი ადამიანი არ მომწონს, თვალში ვიღაცა არ მომდის და ამიტომ არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ, რომელიც დარბაზშია, არასერიოზულობაა. ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი საპარლამენტო საქმიანობისთვის, საკუთარი ამომრჩევლებისთვის. დარბაზში ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის თუ ადამიანის ყოფნა არ ნიშნავს იმ დარბაზში მყოფი სხვა ადამიანების აზრების გაზიარებას, ეს ნიშნავს საკუთარი ამომრჩევლების წარმოდგენას. ის, ვინც არ შემოდის სხდომათა დარბაზში, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. გარდა იმისა, რომ სხდომებზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე სხვადასხვა კოლეგა, საქართველოს პარლამენტი განიხილავს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ყველას ამომრჩევლისთვის ქალაქშიც და სოფლად, ქალისთვისაც, კაცისთვისაც, იქნება ეს უმრავლესობის თუ ოპოზიციის ამომრჩეველი. ამ საკითხებში მონაწილეობა როცა არ სურთ, ეს ნიშნავს, რომ თავისი ამომრჩევლისთვის არ სურთ სიკეთე, კარგი გადაწყვეტილებები. ცუდია, რომ ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, ვინაიდან შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის წევრებს, გაექცნენ პასუხისმგებლობას. როდესაც ადამიანი იტყვის, ბოიკოტს ვუცხადებ რომელიღაც საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს რაღაც სიკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე რთული ასახსნელი იქნება, რატომ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხების გადაწყვეტას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიუთითონ, კონკრეტულად რომელ საკითხს უცხადებენ ბოიკოტს.
„მნიშვნელოვანია, მომართვის დროს პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ პარლამენტის წევრებმა მიუთითონ, რომელ საკითხს უცხადებენ ბოიკოტს. ზოგადი ბოიკოტი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, თუმცა პრაქტიკა ისე იყო, რომ არ უთითებდნენ ხოლმე. მნიშვნელოვანია, რეგლამენტის წესებს მივუბრუნდეთ, ამიტომ მექნებოდა თხოვნა, მიუთითონ, კერძოდ, რომელ საკითხს უცხადებენ ბოიკოტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს, რომ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
„თინა ბოკუჩავა აფიქსირებს, რომ ფრაქცია არ მიიღებს მონაწილეობას პლენარული სესიის სხდომებში, ასევე ელისაშვილი წერს, რომ სხდომებში არ მიიღებს მონაწილეობას, ანალოგიურად ნატო ჩხეიძე. უსუფაშვილი წერს პოლიტიკურ ჯგუფზე, ქალბატონი კორძაიაც ზოგადად ამბობს, რომ პლენარული სესიის სხდომებში არ მიიღებს მონაწილეობას, დავით ბაქრაძეც ანალოგიურია. 15 მაისიდან აფიქსირებს, რომ პლენარული სხდომების განხილვასა და გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ანალოგიურად ბატონი ახვლედიანი. ჩარკვიანი წერს ზოგადად, სესიის პლენარულ სხდომებზე. არ მიიღებს მონაწილეობას 15-17 მაისის პლენარულ სხდომაში“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი