პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“, „ნაძირალა“ და „არაკაცი“ უწოდეს.
ვაშაძის წინააღმდეგ რეპლიკებით ყველაზე მეტად „ხალხის ძალის“ დეპუტატები აქტიურობდნენ.
საარჩევნოდ უცხოეთში მყოფი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თემაზე პარლამენტში მოწვეული საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს, გიორგი ვაშაძემ ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. გიორგი ვაშაძემ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.
„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, – მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.
ანალოგიური შეფასებები ვაშაძის მისამართით „ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. სიტყვიერ დაპირისპირებაში, ასევე, უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო, რომელმაც ვაშაძისგან მოითხოვა პასუხი, თუ რატომ არ მოაწერა ხელი ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებას.
კოლეგებისადმი გიორგი ვაშაძის პასუხი იყო ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დასმულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და პროვოკაციის მოწყობით საკითხის გადაფარვას ცდილობდა.
„არ ავყვები მე თქვენ პროვოკაციას“, – ასეთი იყო ვაშაძის პასუხი მის მიმართ გამოყენებულ რეპლიკებზე.