პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ

„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე სწორედ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრეს ძირითად კანონპროექტად, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ პროექტებს ალტერნატიული ინიციატივის სტატუსი მიანიჭეს.
ე.წ. აგენტების კანონის მომხსენებელი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი .
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 16 აპრილს პლენარული სხდომა 21:00 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. თუკი ეს დრო კანონპროექტის პირველი მოსმენით განსახილველად საკმარისი არ აღმოჩნდა, სხდომა 17 აპრილს გაგრძელდება.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
· კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
· მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
· მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.
17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2014 წელს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისს დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის