საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების განცხადებისა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისთვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი. ისინი კიდევ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებს იგებდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს ჩახედონ და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში…
მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც, მთელი რიგი „ენჯეოები“ პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ 4 წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, უსუსური მცდელობა. ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსები, სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
· არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”.
· პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
· კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
· “კოალიცია ცვლილებებისთვის”, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აცხადებს, მმართველმა პარტიამ გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენა ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აიდენტიფიცირებდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა”, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას”, შესაბამისად კოალიცია გააგრძელებს შედეგების ბათილობის მოთხოვნას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის (99.646%) წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 54,086%-ით ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 10,923%.
ფორუმი