პარლამენტის კომიტეტები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს ისმენს

პარლამენტის კომიტეტები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს ისმენს.
დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
კაკაურიძის განცხადებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ამავე პერიოდში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 1,7%-ის დონეზეა. რაც შეეხება საგარეო სექტორს, პირველ კვარტალში, საქონლით საგარეო ვაჭრობამ 5 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16,1%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა 4 მილიარდ 217 მილიონი დოლარი შეადგინა.
მისივე თქმით, ტურიზმის მიმართულებით არის მცირედი ზრდა.
“დაახლოებით 1.3%-ია ვიზიტორების კუთხით ზრდა. პირველ კვარტალში მილიონ 172 000 ვიზიტორი იყო საქართველოში. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 826 მილიონი დოლარი შეადგინა და გასული წლის პირველ კვარტალს 2.3%-ით აღემატება “, – განაცხადა კაკაურიძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, კაკაურიძის ინფორმაციით, შემოსავლების სახით მიღებულ იქნა 5 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილთან შედარებით 102.1%-ით არის შესრულებული.

ასევე დაგაინტერესებთ