პარლამენტის კვლევითი ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომლები ოცნების განცხადებებს პასუხობენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ოცნების წარმომადგენლების განცხადებას პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ დახურვის მიზეზად თავად დირექტორის მიერ, სწორედ ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა დასახელდა.
მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოცნების ნარატივი, რომ განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციას და საჯარო სექტორში დასაქმებულთა დევნას ადგილი არ აქვს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, პარლამენტში იგეგმება მასიური რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის ე.წ. „ავტონომიური“ ერთეულების, ამ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის ნაცვლად, მისი პარლამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სახით დაბრუნება, რათა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების ხარისხი.
ამ პროცესში, პარტია ქართული ოცნების ნარატივით, არც განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი და არც საჯარო სექტორში დასაქმებულთა დევნას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან:
2025 წლის 21 იანვარს, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ ჩატარებულ თათბირზე, კვლევითი ცენტრის სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, მკაფიოდ და აქცენტირებულად იქნა გაცხადებული, რომ იმ ხუთი ადამიანის გამო, რომლებიც ღიად გაემიჯნენ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ და დაგმეს მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევა, პარლამენტის ხელმძღვანელობამ მიიღო პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება და ამ პროცესს, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ღირსეულად გაუძღვებოდა. ამავე თათბირზე, მოხდა აღნიშნული 5 ადამიანისთვის სხვა დანარჩენი თანამშრომლების წინაშე ბრალდების წაყენება და მარგინალიზაცია, იმ ნარატივით, რომ მათი კოლეგების კეთილდღეობა, სამსახური და სტაბილური შემოსავალი სწორედ მათი მიზეზით ირღვეოდა.
ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებობს როგორც პროცესუალური, ასევე შედეგობრივი განსხვავებები – ლიკვიდაცია წარმოადგენს საჯარო დაწესებულების გაუქმებას, ხოლო რეორგანიზაცია საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას.
ასევე, საგულისხმოა, რომ კვლევითი ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს აცნობა პარლამენტის ხელმძღვანელობის მიერ ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ხოლო პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მიერ, გაკეთდა განცხადება ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ.
განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კვლევითი ცენტრის როგორც რეორგანიზაციის ისე ლიკვიდაციის ინიციატივა, ამ კონკრეტულ დროის მონაკვეთში, მიზნად ისახავს განსხვავებული მოსაზრების/შეხედულების ნიშნით დასაქმებულთა დევნას, რომელთაც ზემოაღნიშნულ „საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებას“ ხელი მოაწერა და საჯაროდ დააფიქსირა თავისი აზრი.
ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ლიკვიდაციის მიზეზად თავად კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ, სწორედ კვლევითი ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა დასახელდა.
სწორედ ამიტომ, გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები:
1. რას ემსახურებოდა პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ ზემოხსენებული თათბირის აღნიშნული ფორმატით და ნარატივით ჩატარება, ბრალის წაყენება მისი 5 თანამშრომლისთვის და კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ პარლამენტის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადება, სხვა დანარჩენი თანამშრომლების შეცდომაში შეყვანისა (თუკი არა ლიკვიდაცია, არამედ ცენტრის რეორგანიზაცია იგეგმება) და ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობის ხარჯზე.