პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიძახეს.
ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 19:00 საათზე უპასუხებს. ჯაფარიძეს ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ, ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, უკვე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სასამართლოში გამოკითხვას ელოდებიან ჯაფარიძის თანაგუნდელები, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ყველა მათგანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აღნიშნული საქმის ფარგლებში უკვე ბრალდებულები და გირაო შეფარდებულები არიან, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.
