პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გენერალურ პროკურატურას სთან დაკავშირებითაც მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, ვინაიდან ნიკა მელია კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის არ მივიდა, კომისიის ვალია, საქმე პროკურატურას გადაეცეს.
„დღეს, ჩვენთან პირველ საათზე ახსნა-განმარტების მოსაცემად მოწვეული იყო ბატონი ნიკა მელია. მას შეტყობინება გაეგზავნა. სამდივნოს დადასტურებულად აქვს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო, რომ მისთვის ცნობილი იყო, დღეს, პირველ საათზე უნდა გამოცხადებულიყო. სხვა გამოსაკითხი პირებისგან განსხვავებით, წევრებისთვის არაფერია დასამალი და უნდა გითხრათ, მან ჩათვალა, რომ უფლება აქვს სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება, მაშინვე. თუმცა, მე არ ვკარგავდი იმედს, რომ ის დროულად გონს მოეგებოდა და გამოცხადდებოდა კომისიის სხდომაზე. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვნახეთ, საშვთა ბიუროში პირველ საათზე მოცემული პირი არ გამოცხადდა, აი, ამ დრომდე, 16:00 საათი ხდება და ჩვენ კენჭისყრაზე საკითხი არ დაგვიყენებია იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რაღაც მომენტში იფიქროს ასე და მერე გადაიფიქროს და სხვანაირად მოიქცეს. მით უმეტეს, სისხლის სამართალში ამას თავისი კვალიფიკაციაც აქვს, რომ შეიძლება ჩაიდინო დანაშაული და შემდეგ უცებ გადაიფიქრო და ხელი აიღო ამაზე. როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და მან, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სსკ-ის 349-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაიგზავნოს თუ არა ნიკა მელიას საქმე საქართველოს პროკურატურაში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამის შემდგომ კომისიამ კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა, რომ ნიკა მელია საქმე გადაიგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
„ნიკა მელია საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში. ახლა უკვე 16:00 საათია და სამუშაო დღის ბოლომდე ჩვენ შევეცდებით ყველა ის დოკუმენტი, რაც ხელთ გვაქვს სამდივნომ შეკრიბოს და მივაწოდოთ პროკურატურის ორგანოებს“,- განაცხადა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემდგომი რეაგირებისთვის დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე გადასცეს.
რაც შეეხება შემდგომი სხდომების გამართვას და დღის წესრიგს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მომდევნო სხდომა ორშაბათს განახლდება. ორშაბათის შემდგომ კი, დღესასწაულებიდან გამომდინარე მომდევნო კვირის ბოლო სხდომა გაიმართება ოთხშაბათს. მისივე განმარტებით, საათი და დღის წესრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.