„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე მამუკა ყურაშვილს, გიორგი ხაინდრავას, გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე იკითხებოდნენ ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი და ზაზა გოგავა.
„სამდივნოს ვთხოვე, რომ ბატონი ყურაშვილი ხვალ დილით მოიწვიოს, იმიტომ, რომ უკვე აღარ არის იმის დრო, ჩვენ სხდომა გავაგრძელოთ და, შესაბამისად, დაგემშვიდობებით“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, „რაც არ უნდა გვლანძღონ“, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ მთავრობას დახვდეს მშვიდობა.
„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამისთვის არის ხელისუფლება მოწოდებული, რაც არ უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ვინც მერე მოვა, იმას დახვდეს უკეთესი (გარემო), დახვდეს მშვიდობა და, რაც მთავარია, შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ“, – მიმართა ზაზა გოგავას თეა წულუკიანმა.
