საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტით, საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ ბრალდება საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ სიცრუეს ეფუძნება.
აქვე ვკითხულობთ, რომ “ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე.წ. “მეგობარი აქტი“ საქართველოსადმი “დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი.
“იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს.
2012 წლის შემდეგ რუსეთში არც ერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი არ შემდგარა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში რუსეთთან ვაჭრობის წილი 12 პროცენტზე ნაკლებია. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საერთო შემფასებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველო არ უშვებს მისი ტერიტორიის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებას, რაც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს სენატს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა მოახსენა.
2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომლებიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, აგრეთვე მოლდოვას, რომელიც დსთ-ის წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. ლიეტუვა და ლატვია კი რუსეთში იმაზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს ყიდიან, ვიდრე საქართველო, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. ყველა ეს ფაქტი მოწმობს სიცრუესა და ორმაგ სტანდარტს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული;
საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, “რომლებიც სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს“.
“აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მქონე სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა სამწუხაროდ, სპეკულაციების სამიზნე მხოლოდ საქართველო გახდა, რაც კვლავ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს.
ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოსადმი “დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ “დიპ სტეიტისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს”, – ნათქვამია პარლამენტის განაცხადების პროექტში.
