პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარება ბიუროს მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და ღალატია. მან განმარტებით ბარათში არსებული ის ჩანაწერი გააკრიტიკა, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მას სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი დაუპირისპირდა და ანა ნაცვლიშვილი ბიუროს სხდომაზე ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ტყუილებს ავრცელებენ, ტყუილს საუბრობენ, დეზინფორმაციას რატომ ავრცელებთ?“ – ამ სიტყვებით მიმართა სეფაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.
ნაცვლიშვილის თქმით, დეზინფორმაციას ვინც ავრცელებდა, სწორედ ის გააჩუმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“.
„მე მინდა დავაფიქსირო პოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ერთხელ უკვე ჩავარდა ამ პარლამენტში. განმარტებითი ბარათი მაქვს ხელთ, მე მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარებაც კი საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ამ განმარტებით ბარათში წერია ტყუილები- მე რამდენიმე ტყუილს წავიკითხავ. აქ წერია, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება, თურმე, ევროკავშირის სამართალს და არ ეწინააღმდეგება, თურმე, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია! მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და ეს არის რუსული. ასევე, მაქვს ხელთ ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად ასეთი, ორბანის კანონი გააუქმა. აქ წერია ტყუილი, ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი ტყუილებზე დაფუძნებით არის ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი. დეზინფორმაციით დაკავებულები ხართ თქვენ და ამიტომ გაგაჩუმათ „ფეისბუქმა“, ზუსტად ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით, დაგაწერათ ტყუილი! ანტიევროპული რუსული კანონი ამ ქვეყანაში არ უნდა დარეგისტრირდეს!“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი სავალდებულოდ განსახილველად უნდა დაეწეროს არა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, არამედ ყველა კომიტეტს, რადგან ნაცვლიშვილის შეფასებით, ის „ასამარებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ევროპულ ნორმალურ მომავალს“.
„ბატონო გია, თქვენ თქვით, რომ ეს კანონპროექტი დაეწერება იურიდიულ კომიტეტს, მაინტერესებს, რატომ არ ეწერება ეს კანონი ევროინტეგრაციის კომიტეტს, პირველ რიგში, და შემდეგ ეს რუსული კანონი შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, შესაბამისად, ყველა სფეროს ამ ქვეყანაში, რაც მოქმედებს, ამიტომ ყველა კომიტეტის განსახილველია ეს, იმიტომ, რომ ეს კანონი შეეხება და ასამარებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ევროპულ ნორმალურ მომავალს“.- განაცხადა ნაცვლიშვილმა.