საქართველოს პარლამენტის აპარატმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც ის „სრულ დეზინფორმაციას და მანიპულაციას“ უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პარლამენტმა კვების მომსახურებაში დახარჯა 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ის ყველაზე მხარჯველი უწყებაა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მოყვანილი თანხა იმოწმებდა პარლამენტის ბიუჯეტის მუხლს „წარმომადგენლობითი ხარჯები“, რომელიც მხოლოდ კვების მომსახურებას არ ეხება.
პარლამენტის ბიუჯეტის ამ მუხლიდან ფინანსდება სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობა და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც ეხება პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს და უცხო ქვეყნების დელეგაციებსა და წარმომადგენლებთან პროტოკოლურ შეხვედრებს, – აცხადებს პარლამენტის აპარატი და დასძენს, რომ საერთო ხარჯის 87% სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობაზე მოდის.
„საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ნაცვლად მონაცემების სათანადო კვლევისა და მაყურებლის სწორი ინფორმირებისა, აღნიშნული სიუჟეტით მოხდა მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
