იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.
საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისთვის კომპენსაცია პარლამენტის აპარატის ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო კომპენსაციის ოდენობასა და გაცემის წესს საკუთარი ბრძანებით პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს.
პარლამენტში წარდგენილია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება, ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
პროექტი ავტორი და ინიციატორები არიან: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა და გურამ მაჭარაშვილი.
„აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მათ უკეთ ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
