პარლამენტის აკრედიტაცია „ტვ პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს შეუჩერდა

პარლამენტის აკრედიტაცია „ტვ პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
„ტვ პირველის“ ცნობით, მაკა ჩიხლაძეს პარლამენტის აკრედიტაცია უმრავლესობის წევრის და „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით შეუჩერდა.
მათივე ცნობით, მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს.
პარლამენტი მაკა ჩიხლაძისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე წერილშიც მიუთითებს, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტო ვიდეოჩაწერა“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც. „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძის განცხადებით, პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ გაიგეს, რომ ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის მოთხოვნით შეუჩერდა.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით, ბოლო ორ დღეში პარლამენტის აკრედიტაცია ორ ჟურნალისტს შეუჩერეს – „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს და „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ