პარლამენტთან 9 აპრილის აქციების მონაწილე, 61 წლის ვეტერანი გარდაიცვალა. ადგილზე შეკრებილების თქმით, გიორგი კერვალიშვილს გულის შეტევა დღეს, იმ დროს დაემართა, როცა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გარდაცვლილის მეგობრების თქმით, კერვალიშვილი და ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები რამდენიმე დღეა პარლამენტთან ღამეს ათევდნენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
თვითმხილველების თქმით, შეუძლოდ მყოფი მამაკაცის გადასარჩენად გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დააგვიანდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
“ებრძოდა ამ ბორია ივანიშვილის სატანურ რეჟიმს. სამწუხაროდ, დღეს მოვედით, ნახევარ საათში უნდა დაგვეწყო და უცებ გარდაიცვალა. გულის შეტევა მოუვიდა. ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, შაქარი და დიაბეტი ჰქონდა. სასწრაფომ ვერ მოასწრო მოსვლა, დაიგვიანა და მე საყვედური ვუთხარი. 112-ის ოპერატორსაც გადავეცი. პატრული ცალკე რეკავდა, ჩვენ ცალკე ვრეკავდით და 25 წუთი მაინც დასჭირდა სასწრაფოს მოსვლას. ყოველთვის აპროტესტებდა ამ კრიმინალურ ბანდებს, ამ რუსულ ხუტას”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
61 წლის ვეტერანის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. გიორგი კერვალიშვილი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერიც იყო.