პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა პერფორმანსი მოაწყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა პერფორმანსი მოაწყო. უფრო კონკრეტულად, მათ თავზე გამჭვირვალე ყუთები დაიფარეს, რითაც სიმბოლურად უჰაერობა განასახიერეს და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მიმართეს. მათ ხუსკივაძეს “მონა მოსამართლე” უწოდეს და თქვეს, რომ სასამართლო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ხელყოფს.
აღნიშნული პერფორმანსით აქციის მონაწილეები გამოეხმაურნენ დღეს, აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესის დროს დარბაზის შეცვლაზე მოსამართლის უარს.
მათ ყუთებზე სხვადასხვა წარწერა აქვთ გაკეთებული: „ვერ ვსუნთქავ“, „უჰაერო სასამართლო“, „უსამართლო მოსამართლე“, „ჟანგბადი არ არის”.
ცნობისთვის, დღეს საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მანამდე ერთ-ერთი დაკავებული ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება გახდა საჭირო.
ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა და სხდომა განახლდა.
მოსამართლე რვავე პირი პატიმრობაში დატოვა.