საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დილით, 09:00 საათზე უნდა დაიწყოს.
პოლიციამ გამოიყენა გაურკვეველი სითხე, შემდეგ კი რამდენიმე ადამიანი დააკავა.
პარლამენტთან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება 13 მაისის დილით დაიწყეს, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე. ასე გაათავისუფლა პოლიციამ პარლამენტის შესასვლელამდე მისასვლელი გზა, რომლითაც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა უნდა ისარგებლონ.
ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ – რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან „სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი“ დაფიქსირდა. ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.
„ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
კვირა საღამოს, 12 მაისს, 22:00 საათიდან პარლამენტთან დაიწყო მშვიდობიანი აქცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და წყლის ჭავლის მანქანები.
05:37 საათზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დააანონსა, რომ თუ დემონსტრანტები არ გაათავისუფლებენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, პოლიცია ძალას გამოიყენებდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია იდგა და „ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობდა“.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს, დილით, 06:10 საათზე დაიწყო.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, დაეტოვებინა ჩიტაძის ქუჩა.
პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან, აქციის წამყვანმა ბექა ყორშიამ განაცხადა, რომ დემონსტრაცია არ დაიშლება და მას კიდევ შეუერთდებიან მოქალაქეები.