პარლამენტთან კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვეს

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 26 ივლისს გაიმართა.
„ბრალდებულის ქცევიდან და ხასიათიდან გამომდინარე ჩვენ მოგვაჩნია, რომ არსებობს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“, – თქვა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
მოსამართლისთვის პროკურორის ნათქვამი დამაჯერებელი აღმოჩნდა და თქვა, რომ აღკვეღის ღონისძიების შეფარდების შემდეგ არ შეცვლილა გარემოება, რომელიც შეამსუბუქებდა ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებს.
გიორგი შანიძე ერთ-ერთია იმ 9 ადამიანს შორის, რომელიც პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყველა დაკავებული ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
შანიძეს გამოძიება ედავება სხვისი ნივთის დაზიანებას (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას) – გამოძიების ინფორმაციით, მან 1 მაისს აქციაზე დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.
ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, გამოსასწორებელი შრომა ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი ნაცემია. დადუდგენელმა პირებმა სცემეს ამ კანონის მოწინააღმდეგები საკუთარ სახლებთანაც. ამ დრომდე ამ ძალადობის შემთხვევებში მონაწილე არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ მედიისთვის ცნობილი არ არის.