პარლამენტთან აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მოქალაქეებს თავდაპირველად საავტომობილო გზის ნაწილი ჰქონდათ დაკავებული, თუმცა, შემდეგ სრულად ტროტუარზე გადაინაცვლეს.
პარლამენტთან შეკრებილებს ლოზუნგით – „დაიცავი განათლება“, მარშის მონაწილეები შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მარშით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან გაჩერებამდე, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მივიდნენ და კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია — დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.