“პარიკების ოთახმა“ მამაკაცის პარიკების ხაზი აამოქმედა. ამის შესახებ BM.GE – სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, გვანცა ინასარიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამაკაცის ხაზისთვის პროტოტიპი უკვე აქვთ და შეკვეთების მიღებას მალე დაიწყებენ.
„მამაკაცის ხაზის პროტოტიპი უკვე გვაქვს და ვიწყებთ მუშაობას. რამდენიმე დღეში უკვე სოციალურ ქსელშიც გავაჟღერებთ, რომ მამაკაცის ხაზი გავააქტიურეთ, ვიღებთ შეკვეთებს და ამ მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ. ახალი ხაზის ასამოქმედებლად ერთწლიან პერიოდში ჩავეტიეთ, რაც განსაზღვრული გვქონდა.
საფასო შეთავაზება იქნება განსხვავებული, რადგან მამაკაცის პარიკი გაცილებით მეტი ღირებულებით გამოირჩევა, ვინაიდან მის დამზადებას უფრო მეტი ადამიანური რესურსი და შრომა სჭირდება. ამასთან, დამზადების ტექნიკაც განსხვავებულია. რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება ამ ეტაპზე არ გვექნება, რადგან ჩვენთვისაც ახალი მიმართულებაა და მამაკაცები სატესტო რეჟიმში უნდა მოვიხმოთ. მომხმარებლებიდან რამდენიმე მამაკაცს შევარჩევთ, რომლისთვისაც სპეციალური ტარიფი იქნება შეთავაზებული. მათზე დავაკვირდებით, შევაფასებთ მოხმარების პერიოდში რამდენად პრაქტიკული და კომფორტული იქნება, რის მიხედვითაც განვვითარდებით. შემდეგ უკვე საფასო პოლიტიკაც დარეგულირდება. თუმცა, თვითღირებულების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ 1000 ლარზე ქვემოთ შეთავაზება არ გვექნება“, – ამბობს ინასარიძე.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცის ხაზის ასამოქმედებლად კომპანიამ დანადგარი შეიძინა. „პარიკების ოთახმა“ ხაზის ასამოქმედებლად, ჯამში დაახლოებით 20 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ინფორმაციისთვის, „პარიკების ოთახი“ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს და მათ პროდუქციაზე მოთხოვნაზე მზარდი ტენდენცია შეინიშნება. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. კომპანია პარიკებს ბუნებრივი თმისგან ამზადებს.