პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკის მახლობლად, შაბათს საღამოს ბოროტმოქმედი დანით დაესხა თავს ტურისტებს. ერთი ტურისტი მოკლულია, ორი – დაჭრილი. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის თანახმად, დაღუპული ტურისტი გერმანიის მოქალაქე იყო.
როგორც Reuters-ი აზუსტებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, 26 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქეა. მის ვინაობას არ ამხელენ. ადრე მან პოლიციის ყურადღება მიიქცია, 2016 წელს ოთხი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისლამისტურ შეთქმულებასთან კავშირისთვის. ასევე ცნობილია, რომ მას ფსიქიკური აშლილობა სჭირს.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თავდამსხმელი გაიძახდა „ალაჰუ აკბარ!“ („დიდ არს ალაჰი“), მოგვიანებით მან თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ სურდა შური ეძია მუსლიმების ტანჯვისთვის ღაზის სექტორსა და ავღანეთში.
სააგენტო France Presse აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიებაში მონაწილეობს პროკურატურის განყოფილება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის პასუხისმგებელი.