პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

პარიზის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურორმა, ლორა ბეკომ თქვა, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება.
გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა გარკვეული პირის ან პირების წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება და რომელთა შორისაა პორნოგრაფიული ხასიათის ბავშვთა გამოსახულებების შენახვა-გავრცელება, ნარკოდანაშაული და თაღლითობა.
პარიზის პროკურატურამ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა 96 საათამდე გაახანგრძლივა.
„ტელეგრამმა“ დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალური პლატფორმის დამფუძნებელს დასამალი არაფერი აქვს.
„ტელეგრამი“ იცავს ევროკავშირის წესებს, მათ შორის ციფრული მომსახურებების აქტს. მისი მოდერაცია შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს და მუდმივად უმჯობესდება. აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმა ან მისი მფლობელი პასუხისმგებელი არიან ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე„, – ნათქვამია განცხადებაში.
„ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავებას გამოეხმაურა ც. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის საფრანგეთში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.
39 წლის მილიარდერი პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს. ის საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა.
რუსეთში დაბადებულ პაველ დუროვს არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.
1tv.ge