საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის, თომას ჯოლის მიმართ სიკვდილი მუქარას გმობს.
როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება, მაკრონი აღშფოთებულია ჯოლის მისამართით გავრცელებული კიბერბულინგის გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ფრანგი ხალხი ძალიან ამაყობს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით.
“საფრანგეთმა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი, მხატვრული სულისკვეთების დემონსტრირება მოახდინა” – ამბობს მაკრონი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის, თომას ჯოლის მიერ შეტანილია განცხადება მუქარის შემცველი გზავნილების საფუძველზე.
ჯოლი ამტკიცებს, რომ მან სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი მესიჯები მიიღო, რაზეც გამოძიება დაწყებულია.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით უკმაყოფილება გამოხატეს ფრანგმა ეპისკოპოსებმა, რომელთა შეფასებით, ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს. სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ, ზუსტად რომელ სცენებს გულისხმობენ, თუმცა „ფრანს 24“ წერს, რომ საუბარი, შესაძლოა, ეხებოდეს სეგმენტს სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მჯდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა. ეს სცენა კი ბევრს მოაგონებდა საიდუმლო სერობას.
სასულიერო პირების გარდა, ცერემონიას ასევე ზოგიერთი კონსერვატორის უკმაყოფილებაც მოჰყვა და, ზოგადად, ამ ღონისძიებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მიმოხილვა გამოიწვია.