განახლება: რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ
პარასკევს, 10 მაისს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის არ არის რუსული კანონი.
პარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, კომიტეტი განიხილავს:
· სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხს
· კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხის
· საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს
10 მაისს ჩანიშნულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონი “შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით”.
“პარასკევს, უქმე დღეს, დილის 9:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა.
რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და ოცნებას ხმები ეყოფა.
შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით – კომიტეტზე.
ამის შემდეგ რჩება პლენარული სხდომა (შემდეგ კვირაში), ვეტო და მისი დაძლევა – ჯერ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულზე.
1.ათიათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს. არავინ აპირებს დაღლას და გაჩერებას. არავინ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას.
2.იზრდება საერთაშორისო წნეხი ოცნებაზე და ინდივიდუალური სანქციების რისკები.
3.იზრდება სისტემის შიგნით უკმაყოფილება და რყევები. ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე ზუსტად ხვდება, რაში მონაწილეობას აიძულებენ აქტიურად თუ პასიური მხარდაჭერით.
ხვდება, რა ხიფათია ეს ქვეყნისთვის. იზრდება უკმაყოფილება პარტიის აქტივისტებს შორის. პროპაგანდა არ მუშაობს. გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ისტორიულ მომენტში სხვა როლი ვერ მოძებნა და პროტესტის გაშავებითაა დაკავებული მაშინ როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს”. – წერია ნაცვლიშვილის Facebook პოსტში.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
· კიდევ ერთხელ, რას გულისხმობს რუსული კანონი