10 მაისს, პარასკევს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი საკითხების ჩამონათვალში არ არის „აგენტების კანონი“, რომლის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება.
პარასკევის კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა:
· სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი;
· კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი;
· საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომიტეტი მუშაობას დილით, 09:00 საათზე, დაიწყებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს, გაიტანენ. იმავე კვირაში იგეგმება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებაც.
საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების კანონი“, რომელიც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის გამო უკან გაიწვია. ახლა სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ არ შეცვლიან გადაწყვეტილებას.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 83-83 დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის მიღების პარალელურად, საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან, იძაბება.