პარაპლანით ფრენები აღდგა

„მოხარულებივართ გაცნობოთ, რომ პარაპლანით ფრენები აღდგა და უკვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ. მდებარეობა გუდაური” – ამის შესახებ ინფორმაციას სამოგზაურო კომპანია Georgian Extreme Ways ავრცელებს. მათივე ცნობთ ფრენის ღირებულება 350 ლარს შეადგენს.
2022 წლის 30 ივლისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანებით ფრენა აკრძალული იყო. შს მინისტრი აცხადებდა, რომ პარაპლანით დაშვებაზე რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო.
პარაპლანით ფრენებზე რეგულაციების გამკაცრების საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შემთხვევას ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი ემსხვერპლა.