პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლი მოიპოვა და საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.
ქართველმა პარამსროლელმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 4 მედალია – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ხოლო
ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთე მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი – ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია. საქართველო ამ დროისთვის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ჩათვლაში 44-ე ადგილზეა.