პარადოქსი სახელმწიფო შესყიდვებში – სისტემაში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა იზრდება, კონკურენცია კი იკლებს

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ იმატა. სისტემაში დღეს 56 232 მიმწოდებელი კომპანიაა რეგისტრირებული. ლოგიკურად, მიმწოდებლების რაოდენობის ზრდა ტენდერებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლის ზრდას უნდა იწვევდეს, თუმცა შედეგი საპირისპიროა. მონაცემები ასეთია: 2015-2019 წლებში ერთ ტენდერში კონკურენცია საშუალოდ 2.09 იყო. 2020-2021 წლებში კონკურენცია საშუალოდ 2.21-მდე გაიზარდა. 2022-2023 წლებში კი 1.93-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ ტენდერში მხოლოდ 1 მონაწილე იყო.
საკითხის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა. ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა საჯარო ინფორმაცია მოიძია და კვლევა ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით ჩაატარა.
ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ არსებული რეალობა ეჭვს აჩენს, რომ კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ტენდერები ცხადდება. რის გამოც ტენდერებში სხვა კომპანიები მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, რაც კონკურენციას დაბლა წევს.
,,ეჭვი ჩნდება, რომ მორგებული ტენდერების რიცხვმა მოიმატა. პარადოქსული ფაქტია, რომ კონკურენცია ასეთ პირობებში შემცირდა. 5 მილიონზე ზემოთ ტენდერები გადავამოწმეთ და ნახევარზე მეტში ერთი მიმწოდებელი შედის, ანუ ფიქციურად ცხადდება ტენდერი. საფუძველი შეიძლება იყოს მორგებული ტენდერები. ამისი აღმოჩენა ძალიან რთულია, რადგან ათასობით ტენდერია. მაგრამ არის რამდენიმე ქეისი, სადაც ჩანს რომ შემსყიდველი ისე აცხადებს ტენდერს, რომ მარტო ერთ კომპანიას შეუძლია მონაწილეობის მიღება.’’- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
კანონით ,,მორგებული ტენდერების’’ გამოცხადება აკრძალულია, თუმცა ხშირად მოთხოვნებში ისეთი დეტალებია შეტანილი, რისი დაკმაყოფილებაც ძალიან მცირე რაოდენობის კომპანიას შეუძლია. ბესო ნამჩავაძე ჩვენთან საუბარში ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს.
,,შეიძლება ტენდერი ეშმაკურად შეადგინო, რომ მარტო ერთმა კომპანიამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები. შარშან იყო ასეთი შემთხვევა, დაცვის მომსახურებას ყიდულობდა რკინიგზა. პირობაში იყო, რომ 20 წელზე მეტის წინ დარეგისტრირებული უნდა ყოფილიყო კომპანია. ამან ძალიან ბევრ კომპანიას აღარ მისცა შესაძლებლობა, რომ შესულიყო ტენდერში.’’- აცხადებს ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი.
დაბალი კონკურენცია კორუფციის ეჭვსაც აჩენს. კონკურენცია განსაკუთრებით შემცირებულია მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაში. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში’’ აცხადებენ, რომ შემცირებული კონკურენცია ბიუჯეტზე ცუდად აისახება, რადგან ასეთ პირობებში ეკონომია არ კეთდება.
,,შეიძლება ითქვას, 100 მილიონი ლარით მეტი იხარჯება, რადგან არის დაბალი კონკურენცია.’’- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.