“პარაგრაფ თბილისის”, “პარაგრაფ შეკვეთილის” და “თაბორის” მფლობელმა ფონდმა ₾607 მილიონით იზარალა

“საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა”, რომელიც საქართველოს მასშტაბით სასტუმროების – პარაგრაფ შეკვეთილის, პარაგრაფ თბილისის, სასტუმრო ბოდბეს, თაბორი თბილისის – ასევე აბასთუმანში მშენებარე სასტუმროს პროექტს და მწვანე კონცხსა და განმუხურში განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ პროექტებს და თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ რამდენიმე გაყინულ სამშენებლო ობიექტს ფლობს, 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წლის განმავლობაში კომპანიის ზარალი 269 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო დაფუძნებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ფონდის მიერ აკუმულირებული ჯამური ზარალი 607 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აქტივების გაუფასურებამ და საოპერაციო ხარჯების ზრდამ.

ზარალის ძირითადი მიზეზები და აქტივების გაუფასურებაა. 2024 წლის განმავლობაში ჯგუფის საოპერაციო ზარალმა 212.5 მილიონი ლარი შეადგინაამ მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ძირითადი საშუალებების, კერძოდ კი „თაბორი რეზორტსისა“ და აბასთუმანის პროექტის პროექტების 153 მილიონი ლარით გაუფასურება გახდამენეჯმენტის განმარტებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ ობიექტების საბალანსო ღირებულება მათ ანაზღაურებად ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

ამასთან, კომპანიის ფინანსური ტვირთი გაზარდა წმინდა ფინანსურმა ზარალმა, რომელმაც 56.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მეტწილად სესხებზე დარიცხულმა საპროცენტო ხარჯებმა განაპირობა.

შემოსავლები და საოპერაციო საქმიანობა. მიუხედავად საერთო ზარალისა, ფონდის შემოსავლები 2024 წელს თითქმის გაორმაგდა და 94.2 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელს ეს მაჩვენებელი 56.5 მილიონი ლარი იყო). შემოსავლების ზრდა ძირითადად ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლას უკავშირდება:

  • პარაგრაფ თავისუფლების მოედანი: სასტუმრომ ოპერირება 2023 წლის 25 ნოემბერს დაიწყო და 2024 წელი მისი სრული საოპერაციო საქმიანობის პირველი წელი იყო.
  • სასტუმრო ბოდბე: 132-ნომრიანმა სასტუმრომ ფუნქციონირება 2024 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფის ერთადერთი მოქმედი ობიექტია, რომელიც „პარაგრაფის“ ბრენდის ქვეშ არ ოპერირებს.
  • პარაგრაფ თაბორი: 2025 წლის 30 სექტემბრიდან დაიწყო „პარაგრაფ გოლფ & სპა თაბორის“ ეტაპობრივი გახსნის პროცესი.

შემოსავლების ზრდის პარალელურად, გაიზარდა ამონაგების თვითღირებულებაც, რომელმაც 75 მილიონ ლარს გადააჭარბა. ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი პერსონალის გასამრჯელოზე (22.1 მლნ ლარი), სასტუმროს მარაგებსა (21.3 მლნ ლარი) და ცვეთაზე (17.2 მლნ ლარი) მოდის.

ვალდებულებები და მფლობელობა. 2024 წლის ბოლოსთვის ჯგუფის მთლიანმა ვალდებულებებმა 971 მილიონ ლარს მიაღწიასესხების მოცულობა წლიურად 48.7%-ით გაიზარდა და 621 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ძირითადად მშობელი კომპანიისგან — საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ — მიღებულმა ახალმა დაფინანსებამ განაპირობა, რომლითაც წინა კრედიტები გადაიფარა.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა. თუ 2023 წლის ბოლოსთვის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე უტა ივანიშვილი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის მას აქციების 35% დარჩა, ხოლო დარჩენილი 65% თხუთმეტმა დამოუკიდებელმა ფიზიკურმა პირმა გადაინაწილა (თითოეულმა არაუმეტეს 5%-ისა).

ასევე დაგაინტერესებთ