საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პაპუნა ჯანელიძემ სოციალური ქსელით მიმართა საქართველოს ევროპელ მეგორებს, რომ არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს.
“როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და ქართული ოცნებაც ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის! 2016 წელს, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინაც გთხოვდით შესაძლებლობის გახსნას, იმ მიზნით რომ მეტ საქართველოს მოქალაქეს ენახა ევროპული ცხოვრების სტილი, დემოკრატია, სოციალური კეთილდღეობები, კულტურა, ღირებულებები. ამით, ევროპულმა ინტეგრაციამ ისტორიულ მიზანთან მიახლოებასთან ერთად პრაქტიკული სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების სისწორე 2024 წლის არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, დავინახეთ რა ახალი თაობის, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ამ სიკეთით, ერთგულება ევროპული მომავლისადმი“, – წერს პაპუნა ჯანელიძე, რომელიც საგერო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა 2015-2018 წლებში.
ყოფილი მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, თუმცა მაშინ როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას.
„ქართული ოცნება“ კი, ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ თანამემამულეებს არ მისცე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა”, – წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში