პაპუაშვილს 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერი რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ევროპელი კოლეგები რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერების საერთო განცხადებაშია აღნიშნული.
„Ძვირფასო კოლეგავ,
ჩვენ მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე.
ჩვენ ვნახეთ თვალსაჩინო პოლიტიკური ტრანსფორმაცია და უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც წინა წლებში თქვენ გასწიეთ რეფორმების გასატარებლად.
თქვენ [ევროკავშირისკენ მიმავალ] გზაზე იყავით ლიდერები და მაგალითს აძლევდით სხვა ასპირანტებს. ჩვენ ამაყად გიჭერდით მხარს და მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა საჭირო დახმარება, რომელიც გჭირდებათ ამ გზის გასაგრძელებლად.
საქართველო ევროპული მისწრაფებები და ძალისხმევა სამართლიანად იქნა აღიარებული და დაჯილდოვებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. სულ ახლახან საქართველოს მიეცა მკაფიო მიმართულება გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს წარმატებას თქვენთან ერთად და ნამდვილად ვაფასებთ წლების განმავლობაში ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ მტკიცე პარტნიორობასა და ურთიერთპატივისცემას. ეს გვაძლევს საშუალებას გვქონდეს გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზეც კი, სადაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ღირებულებებსა და პრინციპებს ეხება, ჩვენ ყოველთვის ერთიანი და მტკიცედ ერთგულები ვიყავით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სპიკერების განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით, რადგან ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლითაც ქვეყანა უნდა ხელმძღვანელობდეს და რომლებიც ევროპული მისწრაფებების საფუძველია.
„საქართველოს პარლამენტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის სულისკვეთა და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან.
არსებული კანონი მიმართულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან.
ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, დაიცვათ შეკრების უფლება და შეწყვიტოთ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და დაშინება.
გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანი, როგორც ეს იყო ჩვენთვის, ვინც ევროკავშირს 20 წლის წინ შეუერთდა. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი. ეს შესაძლებელი გახდა მეგობრების ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ.
20 წლის შემდეგ საქართველოც იმავე გზაზე დგას. ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არ გადაუხვევს თავის ვალდებულებებისგან, გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარას ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და ასევე თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში დამკვიდრებისთვის.
ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად ვართ დაგეხმაროთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის, ს, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების და პოლონეთის პარლამენტის სპიკერები.
თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის ამოქმედება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
რუსულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე აპირებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ