პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ ელჩის გაწვევა გერმანიის მხრიდან “გადატვირთვის სიგნალია”

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ გერმანიის მხრიდან ელჩის პიტერ ფიშერის კონსულტაციისთვის გაწვევა გერმანიის მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების “გადატვირთვის სიგნალია”.
პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის პიტერ ფიშერს და ამბობს, რომ “ნაცვლად იმისა, ხიდის როლს ასრულებდეს მთავრობებს შორის, მან აირჩია – კედლის როლი”.
ჟურნალისტმა მას გერმანიის მხრიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული კრიტიკული განცხადების შეფასება სთხოვა, რაზეც პაპუაშვილმა თქვა, რომ “სიღრმეებში აღარ შევა”.
“ჩვენ ვფიქრობთ მაინც, რომ როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი – 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იყოს. […]