პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს აინტერესებს, ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის შემდეგ აპირებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ბოდიშის მოხდას.
ყაზახეთში ვიზიტით მყოფი სპიკერი აცხადებს, რომ ლაზარეს მიმართ ყველა ბრალდება და ეჭვი სასამართლომ დაადასტურა.
“ის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას და მათ შორის ბრალდების მხარეს და უნდოდათ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ამ პროცესისა, მათი პოზიცია რა არის? აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ საკუთარი პოზიციის გამო სასამართლოს მიმართ?” – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორ ორგანიზაციებს მიმართა და თქვა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები სასამართლოსადმი “ძირგამომთხრელ საქმიანობას” ეწევიან. მისი თქმით, ახლა დონორების პასუხისმგებლობაა “თავდასხმა” შეაჩერონ.
“ახლავე უნდა შეაჩერონ ეს ანტისახელმწიფოებრივი და სამოსამართლოსთვის ძირის გამოცლის მცდელობა. ახლა უკვე მათი ბრალი იქნება, როდესაც კვლავ იმავე წრეზე წავლენ. სასამართლოზე თავდასხმა, სახელმწიფოზე თავდასხმა, ბოლოს ეს საქმეც შეიძლება სტრასბურგში აღმოჩნდეს, რომელიც ბოლოს იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. უბრალოდ, ამასობაში კიდევ გაივლის 2-3 წელი და იქნება ცილისწამების კორიანტელი”, – თქვა პაპუაშვილმა.
მარტის აქციების საქმეზე სასამართლომ 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება უკვე შეიტანა.
გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.