პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს

14 მაისს პარლამენტთან „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლას და ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთს „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა.
„იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში და 30-წლიანი დახმარება გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის და ბევრი სენტიმენტის გამო, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან გერმანიის მიმართ. ასე ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისკენ. ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის, მათი პარტიების მხრიდან“, – თქვა პაპუაშვილმა.
მიხაელ როთმა დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „შეაჩერეთ ეს კანონი“. როთმა დაამატა: „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენდამი. ჩვენ აქ ასევე იმისთვის ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი – შეაჩერეთ ეს კანონი”.
საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიების პარალელურად, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან:
· გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
· ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
· პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
· ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
· ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.
დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ. ისინი მხოლოდ კოლეგამ, პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო „ქართული ოცნების“ ოფისში.

ასევე დაგაინტერესებთ