პაპუაშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე EU-ს ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წერვი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.
კერძოდ, თბილისში იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ამ ჯგუფმა“ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც უარი უთხარი და მიზეზი წერილობითაც განუმარტა. აღშნიშნულ წერილს პაპუაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.
უარის ერთ-ერთ მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს, დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსის, მათ შორის ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი.
პაპუაშვილი მათ არამეგობრულ დამოკიდებულებასა და საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
„არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ ვუპასუხებ.
საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითიც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ“, – წერს პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიაჩნია დელეგაციის მხრიდან შეხვედრის შესახებ მიღებულ თხოვნაზე დათანხმება.
„ამავდროულად, მსურს გამოვხატო პატივისცემა დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დავუდასტურო დიალოგის გაგრძელების მზაობა საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“, – წერს პაპუაშვილი.
ამასთან, დელეგაციაში შემავლმა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, გერმანიიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა X-ზე დაწერა, რომ მათ მმართველი პარტიიდან შეხვედრაზე არავინ დათანხმდა, მათ შორის არც მთავრობიდან.
საქართველოში ჩამოსულები არიან შემდეგი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები: გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ს და პოლონეთის.

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია