პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილი Facebook გვერდზე წერს.
პაპუაშვილის თქმით, “კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს და ეს აქსიომაა”.
“დღეს ხელი მოვაწერე საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში 19 აპრილის შეთანხმების მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა.
კანონი რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე. მიუხედავად “19 აპრილის შეთანხმების” ანულირებისა, ჩვენ, მაინც, თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას, იმისთვის რომ ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ. ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა”, – წერს პაპუაშვილი.
***
5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.
მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.
რას გულისხმობს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილება – სრულად