პაპუაშვილმა “პროპაგანდისტულ კამპანიად” შეაფასა “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” სიაში ივანიშვილის შეყვანა

სადავო პარლამენტის სპიკერი დღეს, 3 ნოემბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა სიას ორგანიზაციისა “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი , „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 34-კაციას სიაში მოხვდა. ეს სია ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თანახმად, ამ ორგანიზაციის “სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია საერთოდ რამესთან დაკავშირებით”. ამასთან, მისი თქმით, “რასაც ვერ აკონტროლებს “დიპ სტეიტი”,ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით ხდება პროპაგანდისტული კამპანიების აწევა”.
“ამ სიჩქარეში ვერ გადაამოწმეს ან გამორჩათ, რომ საუბრობენ თითქოს პოლიტიკიდან გასულია. ამ დროს არის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, არ მგონია, ეს ნიშნავდეს პოლიტიკიდან გასვლას. ძველი ინფორმაციით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით”, – თქვა პაპუაშვილმა.
ამ კონტექსტში, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი მან ონლაინმედიების კრიტიკას დაუთმო, გამოცემებს, “ნეტგაზეთსა” და”პუბლიკას” “შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტები” უწოდა. (იგულისხმება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციები, სადაც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ და რომლის დასასრულებლადაც “ქართულმა ოცნებამ” გაამკაცრა გამოხატვის თავისუფლებისა და დემონსტრაციების კანონმდებლობა.)
ხანგრძლივად ისაუბრა რადიო თავისუფლებაზე და მას უწოდა “ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და ამერიკის სპეცსამსახურების პროდუქტი”, რომელიც ახლა, მისი შეფასებით, “პირდაპირ გადაიბარა ბრიუსელმა და ევროპულმა დაფინანსებამ”.
“ამას რომ არ იმჩნევს (“რეპორტიორები უსაზღვრებოდ” რედ. ), რომ სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მედია არის დღეს ევროკავშირის მოქალაქეების მიერ დაფინანსებული, აქ რა ობიექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი”, – თქვა პაპუაშვილმა.
იმის მაგალითად, თუ როგორ იყენებს “ბრიუსელი პროპაგანდისთვის” რადიო თავისუფლებას, მან მოიყვანა ორგანიზაციის ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
“ზუსტად ამ სპეცსამსახურების პროდუქტის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გახლავთ ბატონი იოზვიაკი, რომელიც რატომღაც სასწაულებრივად იგებს ხოლმე ყველაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ევროკომისიის სხვადასხვა დერეფნებიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად დაფინანსებული სპეცსამსახურების პროდუქტი, პროპაგანდისტული მედია, რომელსაც იყენებს ბრიუსელი პროპაგანდისთვის”, – თქვა პაპუაშვილმა.
“როცა შუაგულ ევროკავშირში ევროკავშირის მოქალაქეები ფულით აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, რადიო თავისუფლებას, ევროპელების ფულით და ამაზე ხმას არ იღებს რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც მედიასთან დაკავშირებით ანგარიშებს წერს, თავად აჩვენებს, რომ ისინიც ნაწილი არიან “დიპ სტეიტის” წრისა”.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, “იმაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება იყოს”, როცა “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ხმას არ იღებს იმაზე, რომ “ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა უარი თქვა რადიო თავისუფლების დაფინანსებაზე, მათ შორის “ამერიკის ხმის” დაფინანსებაზე, როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტებისა, რომელზეც არ უნდა, რომ იხარჯებოდეს ამერიკის მოქალაქეების ფული და ამის შემდეგ როგორც ბევრი სხვა საკითხი, “დიპ სტეიტმა” გადაიბარა, ევროკავშირის მხრებს აჰკიდა და დღეს ფინანსდება ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია, რადიო თავისუფლება, ევროპელი გადასახადის გადამხდელების მიერ”.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რადიო თავისუფლებას პროპაგანდისტულ მედიას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაფინანსება ბრიუსელმა გადაიბარა. რაც არაა მართებული.
გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
ამას წინ უძღოდა -ის პრეზიდენტ ს მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის დამოუკიდებელი მედიაკორპორაცია, რომელიც 1953 წელს დაარსდა და -ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
ევროკავშირს და რამდენიმე წევრ ქვეყანას ჯერჯერობით მხოლოდ გამოთქმული აქვს რადიო თავისუფლების ფინანსური მხარდაჭერის სურვილი.
ფორუმი