პაპუაშვილმა პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს, 15 ივლისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 18 ივლისს პარლამენტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და კენჭს უყრის, 19 ივლისს კი ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ 48 საათში რიგგარეშე სესიის დანიშვნას არ დათანხმდება, მაშინ აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ სხდომას თავად ჩანიშნავს.
„იმ შემთხვევაში თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ ქალბატონმა სალომემ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, სხდომას მე ჩავნიშნავ. ასე რომ, 18 ივლისს 12:00 საათზე პლენარული სხდომა ყველა შემთხვევაში გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. პარლამენტი გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს და მას ამისთვის 76 ხმა სჭირდება.
რაც შეეხება ამნისტიას, „ქართული ოცნება“ მის საბოლოოდ მიღებას წინასაარჩევნოდ გეგმავს – პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს