პაპუაშვილი BBC-ზე: ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ

ჩვენ ამ ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივად ვიმოქმედებთ. უკვე მერამდენედ BBC მხილებულია ცილისწამებაში. როგორც ჩანს, ელის 5-მილიარდიანი დავა ტრამპთან. არ ვიცი, რას დაიმატებს და რას არა, მაგრამ ფაქტია, რომ მის რეპუტაციას დიდი ხანია ბევრ რამეს აკლებს.
ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ და როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და საკუთარი კომენტარების გადათქმა დაიწყო. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმაც უარყოფა დაიწყო, რომ თითქოს არ უთქვამს. საერთო ჯამში, ეს არის – როდესაც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებენ, რომ ისინი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ და მერე მიატოვებენ ისე, როგორც ბევრი მიუტოვებიათ, შემდეგ რაღაც გამოსავლის პოვნას ცდილობენ.
როგორც ჩანს ეგონათ, რომ საქართველოს რაღაცებს დააბრალებდნენ, ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატრიალებდნენ. არ ელოდებოდნენ, რომ სახელმწიფო ამას სერიოზულად შეხედავდა და გამოძიება დაიწყებოდა. ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს. გამოვლინდება, თუ რა არის მართალი და რა, ტყუილი, ვინ ვის სწამებს ცილს და ასე შემდეგ. ასე არ ხდება, რომ სხვადასხვა ჯგუფმა ტელევიზორში რაღაც გადაცემას უყურა და შემდეგ შეხმატკბილებულად, ორკესტრირებულად ერთი ნარატივით ამოქმედდნენ.
გუშინ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენების კლასიკური მაგალითი ვნახეთ, რომელიც სახელმძღვანელოებში შეიძლება შეიყვანო. მასში ჩართული იყვნენ ერთის მხრივ, კომპრომეტირებული მედია BBC-ის სახით. მეორეს მხრივ კი, ჩართული ჰყავდათ ადგილობრივი აგენტები, რომლებიც პირდაპირ დალაგებული ნარატივით ალაპარაკდნენ. ვნახეთ პეტიცია, განცხადება, NGO პოლიტიკა და ერთმანეთში არეული პარტიები. რაც მთავარია, ვიხილეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელმაც უკვე მერამდენედ გამოავლინა საკუთარი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ ბრალდებები წამოაყენა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც 4 ოქტომბერს – ხელისუფლების დამხობის შეკრებას მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა. ის დღემდე გამოდის და საქართველოზე საუბარს ბედავს ისე, რომ დღემდე ბოდიშიც არ მოუხდია და განმარტება არ გაუკეთებია – ბრიუსელის ტრიბუნიდან ხელისუფლების დამხობას სოლიდარობას რომ უცხადებდა.