“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთვევაში, თუ 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივ ხასიათს მიიღებს, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკომისიამ უნდა გაინაწილოს.
იგი არ ახსენებს “ოცნების” პოლიციის მიერ პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას პროევროპული აქციების დაშლისას და ამტკიცებს, რომ მოსახლეობას აღარ სურს, იხილოს აქციების მონაწილების მხრიდან ძალადობრივი აქტები.
“ქართულ საზოგადოებას არ უნდა იხილოს ის, რაც იხილა დეკემბერში, როდესაც ადამიანებმა თვალში მხედველობა დააკარგვინეს პოლიციელს, დააზიანეს რამდენიმე ათეული პოლიციელი, დააზიანეს პარლამენტის შენობა, გადაწვეს რამდენიმე ოთახი. ფაქტობრივად დადგმული ვირტუალური ომი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ასაფეთქებელი პიროტექნიკით წვავდნენ პოლიციის მანქანებს.
ყველა, ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, არის ძალადობის თანამონაწილე. გუშინ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესსპიკერიდან, რომ ის სოლიდარობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის შეკრებას. თუ მოხდება ერთი, ორი თუ შვიდი ძალადობრივი ფაქტი, ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობა, გუშინდელი განცხადების შემდეგ, გაზიარებული აქვს ევროკომისიას, შესაბამისად მის წარმომადგენელს, ევროკავშირის ელჩს. ახლა თვითონ იზრუნონ, რომ გამოვიდნენ და ამას გაემიჯნონ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ევროკომისია სოლიდარობას უცხადებს “ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში და აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.”