პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების ღონისძიებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლა მოძრაობა შეცვალემ გააპროტესტა და მათ “სულით ბოროტ ადამიანებს” უწოდებს.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს წინასწარ იყო დაორგანიზებული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს ნიკა გვარამიას გუნდის წევრები არიან.
“ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, ეს არ არის ქართული საქციელი და თავადვე გამოფინა ის ვიდეოები ორგანიზაცია შეცვალემ, რომელიც არ ვიცი ვისგან ფინანსდება, იმიტომ, რომ უცხოური დაფინანსებები ჩვენ ქვეყანაში, როგორც იცით გაუმჭვირვალეა. და დღეს სწორედ გვარამიას გუნდის წევრები არიან.
ქართველები ასე არ იქცევიან, ქართველები როგორც იქცევიან, ეს გამოჩნდა სტადიონზე, სადაც 50 000 ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვინ დაიწყო, ვისი სურვილი იყო და ვნახეთ დღეს ჩვენ სოციალურ ქსელში, ზუსტად ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობის თაობა, ასე ვთქვათ, თუ გუნდი არის შემდეგ ის, ვისაც უნდა, რომ ჩააშხამოს. როგორც კი რაღაც სიხარული ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი, რაც აქვთ მათ, არის ის, რომ ჩააშხამონ ეს დღესასწაული და ჩვენ ვნახეთ, რომ აი ეს ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია ქართული მორალისგან”, – ამბობს პაპუაშვილი.
26 მარტს მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოსვლას საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.