პაპუაშვილი: შარშან დაგვპირდნენ დაფინანსების გამჭვირვალობას, მაგრამ მოგვატყუეს

პარლამენტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ მიიღო დაპირება, რომ უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ დონორების დაფინანსება უფრო დახურული გახდა.
“შარშან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას დაჰპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე, მაგრამ მოგვატყუეს. ნაცვლად იმისა, რომ უცხოური დაფინანსება ყოფილიყო გამჭვირვალე, ის გახდა უფრო მეტად დახურული. ამიტომაც გვქონდა მცდელობა ერთი წლის განმავლობაში ყველა დონორთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომ დაგვერწმუნებინა იმაში რომ გამჭვირვალობა არ არის მხოლოდ არჩევანი, რომელიც დონორმა უნდა გააკეთოს, არის ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ ავალდებულებს დონორებს, იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარი დაფინანსების შედეგებზე”, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.
პარლამენტის სპიკერი ისევ იმეორებს, რომ უცხოური დონორების დაფინანსებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები იღებენ. მისი თქმით, ის ხვდებოდა უცხოელ დონორებსა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და გამჭვირვალობაში არწმუნებდა:
“საბოლოო ჯამში ყველა თანხმდებოდა, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, თუმცა ვერც ერთი ნაბიჯით წინ ვერ წავიწიეთ”.
უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხია და მხოლოდ ქართველი ხალხი და ხელისუფლებაა კომპეტენტური უსაფრთხოების საკითხები გადაწყვიტოს:
“აქ სიტყვა არ ეთქმით უცხოელ აქტორებს, აქ სიტყვა ეთქმის ქართველ ხალხს. მხოლოდ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის, მითუმეტეს უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში”.