სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება და “სამარცხვინოდ” აფასებს „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების – გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის – ლიდერების ერთობლივ განცხადებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელშიც გამოხატულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია.
“სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩამოთვლიან ნაბიჯებს, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას:
“გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების განცხადება ასე სრულდება:
“საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”.
“ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების ლიდერებს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის შემდეგაც არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის” გამო და მოუწოდებიათ მისთვის “მოქმედებათა კურსის შეცვლის”, ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და რეფორმების განახლებისკენ.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან.
