ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადიციის პროცესი “რთული იქნება”, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა.
დღეს ქართული ოცნების შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
“უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში და მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს… რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იქნას. ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას – ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ, რამდენადაც ვიცით, ჩვენ ვიცით, უფროს სწორად, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, ის არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი”, – თქვა მან.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
დაკავებულებს შორის არის გიორგი მიქაძე, მის ძმას დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.




