პაპუაშვილი: უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მზად აქვს და უახლოეს დღეებში მიმართავს BBC-ის შინამარეგულირებელ ინსტანციას.
ჟურნალისტების ჩაკითხვის მიუხედავად, პაპუაშვილმა საჩივრის შინაარსსა და დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც გასაჯაროვდება, კონკრეტულ მოთხოვნებს საზოგადოება მაშინ გაიგებს.
“მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი – თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, ბიბისის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ ბიბისის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. ეს პროცედურა ვნახოთ. იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს ბიბისი იმას, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებიც… მარტივია რასაც ვითხოვთ – მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ. რატომ უნდა გითხრათ წინასწარ?.. ყველაფერს ნახავთ”- თქვა პაპუაშვილმა.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია.