ერთპარტიული და სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 9 აპრილის 36 წლისთავზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველო დღეს “შემდგარი სახელმწიფოა”, თუმცა როგორც ადრე, დღესაც “უცხო ძალა” კვლავ ცდილობს “მისი ფუნდამენტის მორყევას.” პაპუაშვილი სხვა თანაგუნდელების მსგავსად, არ ახსენებს რუსეთს, როგორც მტერს და საბჭოთა ჯარების მიერ ჩადენილ დანაშაულს დღეს ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების საპროტესტო აქციებს ადარებს. ის პროტესტის მონაწილეებს კვლავ სამშობლოდაკარგულებს უწოდებს და ტოლობის ნიშანს სვამს პროევროპული აქციების მონაწილეებსა და “როდიონოვის ნიჩბიან ჯარისკაცებს” შორის.
“1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას.
ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს. ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა” – დაწერა შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილს, 12:20 წუთზე. ამ განცხადების ფონია რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეების მიზანიც არის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლონ მსხვერპლთა მემორიალთან ყვავილების მიტანა. პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების მომენტისთვის, ოცნების არც ერთი მაღალჩინოსანი მემორიალთან არ იყო მისული. საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების მხარდამჭერების გამოჩენას რუსთაველზე კი სიტყვიერი დაპირისპირებები მოჰყვა.
ოცნების წევრები 9 აპრილის 36 წლისთავზე ერთმანეთის მსგავსი რიტორიკა აქვთ – ისინი ცდილობენ 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ ტანკებითა და ნიჩბებით დარბეული მშვიდობიანი აქცია ისევე წარმოაჩინონ, როგორც დღეს უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. ამ რიტორიკის მიხედვით, “უცხოური ძალები” კვლავ ცდილობენ საქართველოში გადატრიალების მოწყობას, ხელისუფლების შეცვლას და არეულობის მოტანას, ამ საქმეში მათი დასაყრდენი კი ის უკმაყოფილო მოქალაქეები არიან, რომლებიც სამ თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტით დგანან რუსთაველზე.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ფორუმი
