პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების პოზიციას “საკვირველსა და იმედგამაცრუებელს” უწოდებს. მესტიაში ყოფნის დროს ჟურნალისტებთან მან კვლავ გაიმეორა, რომ მიზანი გამჭვირვალობაა.
“საბოლოო ჯამში ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ გვქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში და ამ მოწოდებების ფონზე, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, რა პროექტებს ასაჯაროებს საქართველოში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
14 ამერიკელი სენატორი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.
წერილში სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული “უცხოური აგენტების კანონპროექტი” კანონი გახდება, ისინი იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.