პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. საფრანგეთმა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა დაგმო.
“ზოგი უცხოელი აქტორისა და საქართველოში მყოფი საელჩოების ზოგიერთი განცხადება ძალიან იმედგამაცრუებელია. გარკვეულწილად, ეს იმის აღქმას ქმნის, რომ ყალბი ნარატივის დამკვიდრება ხდება […] ეს ქართული პოლიციის დისკრედიტაციაა.
ჩვენ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, ვხედავთ პოლიციის მოქმედებებსაც, რომელიც უფრო მეტად მკაცრი და ბრუტალურია. ამის ფონზე კი, როცა იმავე ქვეყნის საელჩო საქართველოს პოლიციის მართლაც ფრთხილ და სტანდარტების შესაბამის მოქმედებას აფასებს ისე, რომ თითქოს მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ეს ყალბი ნარატივის დამკვიდრების სამწუხარო მცდელობაა. ამიტომ, ყველა საერთაშორისო აქტორს, განსაკუთრებით კი საქართველოში მყოფ საელჩოებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ სიტუაციაში გაერკვნენ”. – ამბობს პაპუაშვილი.