“თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები” – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს.
“ერთადერთი ქვეყანა აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, იყო რუსეთი. 30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს – ხან ემბარგო იყო, ხან რა სანქცია, ხან – რა, ინსტრუმენტად იყენებდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე გავლენა მოეხდინა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა.
საქართველოს, ქართველ ხალხს სანქციების დაწესების მხრივ ეს გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება რუსეთიდან გვქონდა. ახლა თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით.
ქართველმა ხალხმა რუსეთს გასცა პასუხი იმით, რომ სანქციებს არანაირი გავლენა არ ჰქონია ჩვენი ხალხის განწყობაზე და ცნობიერებაზე, ყოველ ჯერზე, ამაზე პასუხს იღებდა, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში რჩებოდა, ზუსტად ასეთ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც შეეცდება ქართველ ხალხზე რუსული მეთოდებით სანქციების ინსტრუმენტით ზემოქმედებას” – ამბობს პაპუაშვილი.
აშშ-ს კონგრესში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება “მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით”. ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი “ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
14 მაისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ “თუ ამ კანონს მიიღებენ ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობით და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემოსნტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე”.