რაც შეეხება თავად ამ საქმეს, ეს გამოძიების თემაა და გამოძიება სრულად დაადგენს რასთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება მოლოდინებს და წარმოდგენებს – რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია.
ამ ოპოზიციამ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, ქვეყანაში შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარება, ორგანიზებული იყო უკრაინის დაზვერვის სამხედრო სამსახურის მიერ.
დღესაც, უფროსის მოადგილის პოზიციაზეა გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის ფარულად შემოპარვა.
[…] კინაღამ საქართველო ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში – რომ არა, ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ახლა ამ საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა აქ სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ბოლოს ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში.
ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა ის სუს-ის მიერ უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ომის ვეტერანების სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკითხვაზე.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. დაბარებულთა და გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე და ჯემალ კაშია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან. სუს-ი მათ სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაში სდებს ბრალს.